logo
ENG



"გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონ

20 ოქტ 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/20/i15e9og3ve5y72c.png

პარტიამ, "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ მათი პარტიის  კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს.

"გახარია საქართველოს" განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და "ოცნებამ" პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მათი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას.

"ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. „ბოიკოტისტებს“, რაც თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა. სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არასკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა, რათა შემდგომ ხელოვნურად შექმნას მართული ოპოზიცია და მისი დალაგებული პოლიტიკური კონფიგურაციით არჩევნების ილუზია გააჩინოს ქვეყანაში.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში - იმ მიზნით, რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ:

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნება"  საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელოს", "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა